ახალი პოლიტიკური გაერთიანება "ახალის" ლიდერ, ნიკა გვარამია საუბრობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი პოლიტიკური ძალის სასურველ შედეგსა და გზებზე, რამაც შეიძლება, საზოგადოების ფართო მხარდაჭერა მოაპოვებინოს. გვარამიას თქმით, შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შედგება ფართო გაერთიანება. მისი და მელიას უკვე შემდგარი ერთიანობის პირობებში კი ვარაუდობს, რომ ისინი 20%-იან შედეგს აჩვენებენ.
ის თვლის, რომ იმ ახალი პოლიტიკური გაერთიანების ამომრჩეველი, რომელიც 11 მარტს წარადგინა, იქნებიან როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ამომრჩევლები, ასევე „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერებიც. გვარამია ამბობს, რომ მოსალოდნელია მის პოლიტიკურ ძალაშიც იხილოს საზოგადოებამ მმართველი პარტიის ყოფილი წევრები.
"გედიზე [გედევან ფოფხაძე - რ.თ.] რომ ამბავი ატყდა, ყოფილი „ქოცი“…ყოფილი „ქოცები“ კიდევ იქნებიან. გედი საკმაოდ ადრე წამოვიდა “ქართული ოცნებიდან”, იმის მერე წამოსულებიც იქნებიან. ყველა, ვისაც აქვს რესურსები, უნდა იყოს გამოყენებული. ყველა უნდა იქნას გამოყენებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთვის და თუ ყოფილი “ქოცი” ბედავს, სურვილი აქვს და შესაძლებლობა, ბიძინა ივანიშვილი თავადვე შეცვალოს, გამოასწოროს თავისი შეცდომა, რატომაც არა. მე მინდა მათ ამის შესაძლებლობა მივცე. მე მინდა ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტოთ, რომ ერთად უნდა ვმართოთ ეს ქვეყანა," - ამბობს ნიკა გვარამია რადიო თავისუფლებასთან.